ეროვნულ და რეგიონულ უსაფრთხოებაზე მომუშავე ამერიკელი ანალიტიკოსები ამბობენ, რომ „გრუს“ თავდასხმა საქართველოსთვის იმის შეხსენება იყო, რომ რუსეთის წინააღმდეგ ის დაუცველია და მოსკოვს უნდა ემორჩილებოდეს. შესაბამისად ეს იყო გზავნილი, რომ ალიანსთან დაახლოებას მოსკოვის მხრიდან პასუხები და მძიმე ფასის დაწესება მოჰყვება. მარკ სიმაკოვსკი აცხადებს, რომ რუსეთის შესაკავებლად უფრო მეტია გასაკეთებელი. მისივე განცხადებით, კი კიბერუსაფრთხოება პირდაპირ უკავშირდება აგრესიას და ზეწოლას, რომელიც რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ განხორციელდა. მისივე განცხადებით, კიბერუსაფრთხოებაზე თავდასხმა საქართველოს პოლიტიკაში პირდაპირი ჩარევის მცდელობაა, რომელიც მიზნად ისახავს ინსტიტუტების მიმართ ქართველი ხალხის ნდობის განადგურებას.
„ეს არის ღია აგრესია რუსეთის მხრიდან, ასევე არის რუსეთის ზეწოლის გაგრძელება საქართველოსა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. ეს ძალიან საშიშია, რადგან პირდაპირი ჩარევის მცდელობაა საქართველოს პოლიტიკაში და მიზნად ისახავს ინსტიტუტების მიმართ ქართველი ხალხის ნდობის განადგურებას. ამით ჩანს, რომ რუსეთის ინტერესი ზეწოლა მოახდინოს და აგრესიაც განახორციელოს მეზობელ ქვეყნებზე დასრულებული არ არის. ახლა მთავარია დასავლეთის კოორდინირებული პასუხი. საკითხი ასე დგას - რა არის კოლექტიური პასუხი ამ ყველაფრის მიმართ. შეერთებული შტატებისა და ნატოს მთავარი მოკავშირეების მიერ გაკეთებული კოორდინირებული განცხადებები პირველი პოზიტიური ნაბიჯია. განცხადებები მაღალ დონეზე გაკეთდა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მეტია საჭირო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად, ასევე რუსეთის შესაკავებლად, რომ მსგავსი რამ აღარ მოხდეს“, - განაცხადა მარკ სიმაკოვსკიმ.
ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ, რომ მხოლოდ სიტყვებით და განცხადებებით რუსეთის აგრესია ვერ შეჩერდება. მათივე განცხადებით საჭიროა საქართველოს კიბერუსაფრთხოების გაძლიერება. ექსპერტების თქმით იხვეწება კიბერუსაფრთხოება და იხვეწება თავდასხმის მეთოდებიც და ეს არის პრობლემა რომელთა გამკლავებისთვისაც სახელმწიფო ძალიან ძლიერი უნდა იყოს.
„საქართველოს, ყველაზე მნიშვნელოვანი ფარი სახელმწიფოს სიძლიერეა. გაყოფილი ქვეყანა და დემოკრატიის პოტენციური გაუარესება ფუნდამენტურად იმოქმედებს ქვეყნის სიძლიერეზე, წინ აღუდგეს რუსეთს და ასევე ძირს გამოუთხრის კოლექტიურ მხარდაჭერას, რომელიც საქართველოს მიმართ შეერთებულ შტატებს და სხვა მოკავშირეებს აქვთ. ხალხს ისევ უნდა ნახოს საქართველო, როგორც სამაგალითო დემოკრატია. საქართველოს ნამდვილად სჭირდება დემოკრატიის გაძლიერება და იმის უზრუნველყოფა, რომ არჩეული პირები აკონტროლებენ და მართავენ ქვეყანას. ასევე საჭიროა საქართველოს დახმარება ინსტიტუტების გასაძლიერებლად, განსაკუთრებით, კიბერუსაფრთხოების კუთხით“, - განაცხდა სიმაკოვსკიმ.
შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოზე ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა განხორციელდა. კიბერშეტევების სახელმწიფო უწყებები და მედია ორგანიზაციები იყვნენ. სამინისტროს ინფორმაციით კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ორგანიზაციების სერვერები, მართვის სისტემა და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.